English / ქართული / русский /
ლელა მენაბდიშვილი
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება პანდემიის პერიოდში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია პანდემიის გავლენა საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივ მატებაზე, რომელიც განისაზღვრება შობადობასა და მოკვდაობის დონეთა შორის თანაფარდობით, ამიტომ ეს პროცესები ცალ-ცალკეა გაანალიზებული. 2020–2021 წლის ამ დემოგრაფიულ პროცესთა მონაცემები შედარებულია პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებთან. ნაჩვენებია, რომ შობადობის კლება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე პანდემია გავრცელდებოდა. შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2014 წელს  (60 635) და მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება.  მოკვდაობაზე პანდემიამ უდავოდ მოახდინა გავლენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პირველ წელს ზრდა უმნიშვნელო იყო, რასაც ვერ ვიტყვით მეორე წელზე. 2021 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 18,5%-ით აღემატება 2020 წელს გარდაცვლილთა რაოდენობას. პანდემიამდელ პერიოდში საქართველოს ჰქონდა „დემოგრაფიულად უნაყოფო, ფუჭი წლები“. თუ პანდემიამდე  ბუნებრივი მატება უარყოფითი იყო საქართველოს  უმეტეს რეგიონში, პანდემიის პერიოდში უარყოფთი ბუნებრივი მატება ყველა რეგიონზე გავრცელდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა,  რაც მოსახლეობის რიცხოვნობის  შემცირებას ნიშნავს.

საკვანძო სიტყვები: შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი მატება. 

შესავალი.  მსოფლიოსთვის პანდემიები უცხო არ არის. შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ადამიანთა მოდგმა  გამრავლდა მთელ მსოფლიოში, ასე გავრცელდა ინფექციური დაავადებებიც.   დაავადებები და ავადობები მუდმივად აწუხებდა კაცობრიობას ადრეული დროიდან დაწყებული დღევანდელი დღის ჩათვლით. თანამედროვე ყოფაში  –  მზარდი გლობალიზაციის პირობებში – ინფექციური აფეთქებები თითქმის მუდმივად ხდება,  თუმცა ყველა აფეთქება არ იწვევს პანდემიას. რაც უფრო ცივილიზებული ხდება ადამიანი, მით უფრო მაღალია პანდემიის ალბათობა, რასაც იწვევს მათი გაზრდილი კონტაქტები ცხოველებთან, ეკოსისტემებთან და  სხვა  პოპულაციებთან.

პირველი მომაკვდინებელი პანდემია ანტონინის ჭირის სახელწოდებითაა ცნობილი და 165-180 წწ-ით თარიღდება, მან 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ XX-XXI საუკუნეებში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტი და ქვეყანა არაერთმა პანდემიამ თუ ეპიდემიამ მოიცვა: ესპანური გრიპი (19181919 წწ, დაიღუპა 4050 მ. ადამიანი), აზიური გრიპი (19571958  წწ, 1,1 მ.), ჰონგ კონგის გრიპი (19681970  წწ, 1 მ),  აივ/შიდცი (1981 წლიდან დღემდე, დაღუპულია 25-35 მ), SARS (20022003  წწ, 770),  ღორის გრიპი (20092010  წწ, 200 000), ებოლა (20142016  წწ, 11 000), MERS (2015 წლიდან დღემდე, გარდაიცვალა 850), COVID-19 (2019 წლიდან დღემდე, გარდაიცვალა 6 მილიონზე მეტი (6 176 365) ადამიანი). [https://www.visualcapitalist.com/history-of-pandemics-deadliest/] პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა ეპიდემიოლოგების გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ ის თანდათან სეზონურ გრიპად გადაიქცევა.

პანდემია, რომელიც გამოიწვია ახალმა კორონავირუსმა (SARS-COV-2), შეფასდა როგორც კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა და თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი. ასევე,  უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი. მან უდიდესი ეკონომიკური დანახარჯი გამოიწვია. თითოეული ქვეყანა, რომელსაც პანდემია შეეხო, განიცდის ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ დამანგრეველ ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ეფექტს,  თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არანაირი დანაკარგი ისეთი მტკივნეული არ არის როგორც ადამიანთა დანაკარგი. ეს უდიდესი ტრამვაა არა მხოლოდ ცალკეული ოჯახებისთვის და გარდაცვლილთა ახლობლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ყოველი საზოგადოებისთვის ღირებულია მისი თითოეული წევრის ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე.

COVID-19-ის პანდემიამ გლობალური ხასიათი მიიღო, ამიტომ მისი შესწავლა სოციალურ-დემოგრაფიული მნიშვნელობის საკითხია. პანდემიის პერიოდის დემოგრაფიული პროცესები ფუნდამენტური კვლევის საგანია. ჯერჯერობით ასეთი კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა, თუმცა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა (ა. სულაბერიძე, მ. შელია, ი. არჩვაძე, ნ. გომელაური, ლ. მენაბდიშვილი) მიერ შესწავლილი და გამოქვეყნებულია ცალკეული საკითხები. ამჯერად შევეხებით მოსახლეობის ბუნებრივ მატებას პანდემიის პერიოდში. საკითხის უკეთ წარმოსაჩენად ცალ-ცალკე განვიხილავთ შობადობას, მოკვდაობას პანდემიამდელ და პანდემიის პერიოდში. 

ძირითადი შინაარსი

მოკვდაობა.1994 –2019 წლებში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 46 ათასიდან 51 ათასამდე მერყეობდა.  ბოლო 28 წლის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2021 წელს, როცა გარდაცვლილთა რაოდენობამ შეადგინა 59 906 ადამიანი. 2021 წელი საქართველოში პანდემიის მეორე წელია და ამ წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 18,5%-ით აღემატება პანდემიის პირველ (2020) წელს გარდაცვლილთა  რაოდენობას. გარდაცვალების ასეთი რადიკალური ზრდა დაკავშირებული უნდა იყოს კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან. უნდა აღინიშნოს, რომ IDFI-ს და  NCDC-ს  მონაცემებით კორონავირუსით 2021 წელს გარდაიცვალა 11 298 ადამიანი [WWW. Idfi.ge],  ხოლო 28 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით 13 583 ადამიანი [StopCov.ge]. 2021 წლის საქსტატის მონაცემები გარდაცვლილთა რიცხოვნობისა და  გარდაცვალების მიზეზების მიხედვით ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ  კოვიდპანდემიით გარდაცვლილთა ოფიციალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გარდაცვალებულთა 22,6% სწორედ პანდემიაზე მოდის. გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. თბილისში დაფიქსირდა (17 922 ადამიანი), ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (874 ადამიანი).  იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა 2020 წელს (შესაბამისად 13 878  და  764). ეს ბუნებრივიცაა, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ დედაქალაქშია თავმოყრილი (1,202,7), ხოლო რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევა (28,5). 

 2020 წელს  გარდაცვლილთა რაოდენობა  2715-ით აღემატება 2017 წლის,  4013-ით  2018 წლის და 3878-ით 2019 წლის გარდაცვლილთა რაოდენობას,  თუმცა 2016-ით ჩამორჩება 2016 წლის  და 9369-ით   2021 წლის იმავე მაჩვენებელს. უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის მეორე წელი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.

პანდემიის პირველ წელს, წინა 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8,3%-ით გაიზარდა, მათ შორის კი 5,1%  უშუალოდ პანდემიის მიზეზით გარდაიცვალა. ეს გვაძლევს იმის სფუძველს, რომ აღვნიშნოთ: 2020 წელს კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა. საინტერესო შედეგები მოგვცა გარდაცვალების მიზეზების კვლევამ. საქსტატის მონაცემების მიხედვით ამავე წელს  COVID-19-ით გარდაიცვალა 2 587 ადამიანი, რაც გარდაცვლილთა 5,1%-ია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2020 წელს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით 8,5-ჯერ მეტი გარდაიცვალა, ვიდრე კოვიდპანდემიით, ასევე სიმსივნით 3,1-ჯერ მეტი და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 1,6-ჯერ მეტი. [https://www.geostat.ge/ka/modules/categories/320/gardatsvaleba] გარდაცვალების მიზეზების მიხედვით აღნიშნული რიცხოვნობა აჩვენებს, რომ პანდემიამ პირველ წელს საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი იმსხვერპლა, რასაც ვერ ვიტყვით პანდემიის მეორე წელზე,  თუმცა მეტი სიცხადისთვის დაველოდოთ საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს.

                                                                                                                                 ცხრილი 1                             

მოკვდაობის მაჩვენებლები

წლები

გარდაცვლილთა რიცხოვნობა, კაცი

გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 კაცზე

2014

49 087

13,2

2015

44 121

13,2

2016

50 771

13,6

2017

47 822

12,8

2018

46 524

12,5

2019

46 669

12,5

2020

50 537

13,6

2021

59 906

 

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/320/gardatsvaleba 

შობადობა.1994–2019 წლებში ცოცხლადშობილების რიცხვი 45 ათასიდან თითქმის 61 ათასამდე მერყეობს. შობდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა (60 635 ცოცხლადშობილი). ეს მაჩვენებელი 22,1%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს და 25,5%-ით – 2019 წლისას. 2015 წლიდან მოყოლებული შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიური კლებით ხასიათდება. ბუნებრივია, ეს ტენდენცია გაგრძელდა პანდემიის პერიოდშიც.  უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოთქმული იყო ვარაუდები, პანდემიისა და მისგან განპირობებული კარანტინის გამო  შობადობის რიცხვის გაზრდის შესახებ, თუმცა ეს ვარაუდები  საქართველოს შემთხვევაში არ გამართლდა.

პანდემიის პირველ წელს ცოცხლადშობილთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 1776-ით ანუ 3,8%-ით შემცირდა, ხოლო პანდემიის მეორე წელს, მაშინ როცა ამ უკანასკნელმა უფრო მასობრივი ხასიათი მიიღო, ცოცხლადშობილთა რიცხვმა 2020 წელთან შედარებით მხოლოდ 574-ით მოიკლო. 

ცხრილი 2                                                                

შობადობის მაჩვენებლები

 

წლები

ცოცხლადშობილთა რიცხოვნობა,    კაცი

შობადობის კოეფიციენტი 1 000 კაცზე

2014

60 635

16,3

2015

59 249

15,9

2016

56 569

15,2

2017

53 293

14,3

2018

51 138

13,7

2019

48 296

13,0

2020

46 520

12,5

2021

45 946

 

წყარო:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/319/dabadeba 

საქართველოში შობადობის შემცირებას ვერ დავაბრალებთ პანდემიას, რადგან ეს ტენდენცია გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე პანდემია გავრცელდებოდა. როგორც რიცხვები მეტყველებენ, 2015 წელს წინა წელთან შედარებით შობადობა 2,3%-ით შემცირდა, ხოლო 2016 წელს წინა წელთან შედარებით – 4,7%-ით, ანუ ორჯერ უფრო მეტად. მას მერე კლებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ  შობადობის კლება ქვეყანაში პანდემიას არ უკავშირდება. ის პანდემიამდელ პერიოდში  დაიწყო და მაშინდელი კლების მაჩვენებელი კიდევაც აღემატება  პანდემიის პერიოდის კლების მაჩვენებელს. ამიტომ იმის თქმა, რომ კორონაპანდემიამ მნიშვნელვანი გავლენა იქონია შობადობის შემცირებაზე,  არასამართლიანია. ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს არის აზრი, რომ შობადობის შემცირება დიდწილადაა დამოკიდებული ბავშვთა შობის ასაკის ქალთა რაოდენობის კლების საერთო ტენდენციაზე, რასაც, თავის მხრივ, სერიოზული მიზეზები განაპირობებს: პირველი,  90-იან წლებში არსებული შემცირებული შობადობა; მეორე, ემიგრაციაში წასული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი რეპროდუქციულ ასაკში იმყოფება.

ა. სულაბერიძე  საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დღეისათვის  რეპროდუქციული და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის წილი (85%) ემიგრანტებში 2-ჯერ და მეტად აღემატება მათსავე წილს ქვეყნის მთელ მოსახლეობაში (41%). აღნიშნულის შედეგად, გარდა შობადობის შემცირებისა, 1991 წლიდან დღემდე ქვეყანაში 6.5 წლით გაიზარდა მოსახლეობის მედიანური ასაკი და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელმა 15,2 %-ს მიაღწია (1994 წ. – 10.5%). ასეთმა შედეგმა განაპირობა ისედაც რეგრესული ტიპის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუარესება და მკვეთრად შეამცირა რეპროდუქციული პოტენციალი. გააუარესდა საქორწინო ასაკის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურაც, რამაც ქორწინებითი ქცევის ტრანსფორმაციასთან ერთად  შეამცირა ქორწინებათა რაოდენობა  [სულაბერიძე ა. 2018.]. 

ბუნებრივი მატება.მოსახლეობის ზრდა და კვლავწარმოება განისაზღვრება შობადობასა და მოკვდაობის დონეთა შორის თანაფარდობით. რამდენადაც მაღლია შობადობა და დაბალია მოკვდაობა, მით მეტია ბუნებრივი მატება და პირიქით. სიტყვა „ბუნებრივი“ პირობითი ხასიათისაა და აღნიშნავს სწორედ ამ თანაფარდობას. უფრო კონკრეტულად, ეს არის თანაფარდობა შობადობასა და მოკვდაობას შორის დროის გარკვეულ მონაკვეთში.

შობადობა და მოკვდაობა 1994 წლიდან განვიხილეთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ  საქართველოს მოსახლეობის დეპოპულაცია 1992 წლიდან იწყება. ბუნებრივი მატების მაჩვენებელი კლებით ხასიათდება.  2000-2004 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება პრაქტიკულად ნულზე დავიდა. 1000 მცხოვრებლზე გაანგარიშებით საშუალოდ 0,18 კაცი მოდიოდა. აღნიშნულ პერიოდს საქართველოს დემოგრაფიულ ისტორიაში მ. ხმალაძემ „დემოგრაფიულად უნაყოფო, ფუჭი წლები“ უწოდა [ხმალაძე მ. 2014.415.].

1994-2010 წლებში იზრდება მოკვდაობა, მას მოჰყვა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება 70,3 წლამდე. შემდგომ პერიოდში უკვე სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა შეიმჩნევა, რომელმაც 2011-2017 წლებში 72,7 წლამდე მიაღწია. საქართველოს მთელი სტატისტიკური ისტორიის განმავლობაში მოკვდაობის ყველაზე დაბალი დონე და შესაბამისად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ყველაზე მაღლი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა [ხმალაძე მ. 2018.]

ცხრილი 3

მოსახლეობის მატება და ბუნებრივი მატება 

წლები

ბუნებრივი მატება, კაცი

ბუნებრივი მატება 1000 კაცზე

მოსახლეობის მატება/კლება წინა წელ­თან შედარებით

2014

11 548

3,1

5,0

2015

10 128

2,7

6,7

2016

5 798

1,6

-2,2

2017

5 471

1,5

3,2

2018

4 614

1,2

-6,1

2019

1 637

0,4

-6,6

2020

-4 017

-1,1

11,7

2021

-13 960

 

 

წყარო:  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/321/bunebrivi-mateba

https://www.geostat.ge/media/43663/QuarterlyBull_2021_IV_Geo.pdf 

ბუნებრივი მატების მაჩენებლების განხილვამ რეგიონების მიხედვით აჩვენა, რომ 2015 წლიდან მოყოლებული 2020 წლამდე ბუნებრივი მატება დადებითი იყო ქ. თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში. გამონაკლისს წარმოადგენდა სამცხე- ჯავახეთი, სადაც 2019 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა, და კახეთი, სადაც ეს გაცილებით ადრე – 2016 წელს დაიწყო. პანდემიის პირველ წელს უარყოფითი ბუნებივი მატება დაფიქსირდა თითქმის ყველა რეგიონში, გარდა ქ. თბილისის (1 393), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა (1 346) და ქვემო ქართლისა (638). პანდემიის მეორე წელს მდგომარეობა შეიცვალა და მხოლოდ ერთი რეგიონი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა  (1 139) აღმოჩნდა ისეთი, სადაც უარყოფთი ბუნებრივი მატება არ იყო. მოსახლეობის ბუნებრივი მატების ურყოფითი სალდო აუცილებლად გამოიწვევს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებას, ამას თუ დაემატა მიგრაციის უარყოფთი სალდოც, მაშინ მოსახლეობის შემცირება კიდევ უფრო მაღალი იქნება. 

დასკვნა

პანდემიისგან მოსალოდნელი დემოგრაფიული საფრთხეების გასარკვევად მინიმუმ პანდემია უნდა იყოს დასრულებული და შესწავლილი უნდა იყოს პოსტპანდემიური პერიოდი. ვინაიდან პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ წარმოვადგინეთ ზოგადი სურათი პანდემიამდელი და პანდემიის პერიოდის შობადობის, მოკვდაობისა და ბუნებრივი მატების შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა ჯერ კიდევ პანდემიამდელ პერიოდში საგანგაშო იყო. ქვეყანაში დეპოპულაცია 28 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე პანდემია გაჩნდებოდა. შობადობის კლება ქვეყანაში პანდემიას არ უკავშირდება. ის პანდემიამდელ პერიოდზე  ადრე დაიწყო და მაშინდელი კლების მაჩვენებელი აღემატება  კიდეც პანდემიის პერიოდის კლების მაჩვენებელს. მოკვდაობა პანდემიის პერიოდში გაიზარდა, ზრდა განსაკუთრებით პანდემიის მეორე წელს უკავშირდება. პანდემიამ გავლენა იქონია ბუნებრივ მატებაზე, თუ პანდემიამდელ პერიოდში ბუნებრივი მატება უარყოფითი იყო უმეტეს რეგიონში, პანდემიის პერიოდში უარყოფთი ბუნებრივი მატება ყველა რეგიონზე გავრცელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდება. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სულაბერიძე ა.,  2018. საქართველოს დემოგრაფიული მოდერნიზაცია. ნაწილი I (XX საუკუნე).
  2. ხმალაძე მ.,  2014.  დემოგრაფია.
  3. ხმალაძე მ.,  2018. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა პოსტსაბჭოთა საქართველოში.
  4. https://www.visualcapitalist.com/history-of-pandemics-deadliest/
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/320/gardatsvaleba
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/319/dabadeba
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/321/bunebrivi-mateba
  8. https://www.geostat.ge/media/43663/QuarterlyBull_2021_IV_Geo.pdf